ქართველ ქალთან შეხვედრა პარიზში

გადამწყვეტი შეხვედრა

   
   ამ ჩვეულებრივ ადგილას, რომლის არც დეკორი მომწონდა და არც ადგილმდებარეობა, ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი. თუმცა, ჩემი მეტამორფოზა სწორედ აქ დაიწყო. ნელ-ნელა. ეს ბანალური ადგილი ჯადოსნურ შეხვედრებს მიმზადებდა, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. ერთი ჩვეულებრივი პიცერია ბულონში, რესტორნების ქსელი, სადაც აჩქარებული კლიენტები ცუდად იკვებებიან და ელიან, რომ მათ მეფურად მოექცევიან. ვგიჟდები ასეთ ხალხზე.

   24 წლის ვარ, არანაირი წარმოდგენა არ მაქვს ქართულ კულტურაზე, საქართველოს რუკაზეც კი ვერ ვიპოვი. ჩემი სამყარო თეატრი და ლიტერატურაა. პარიზში მსახიობობას ვსწავლობ და ამ მხიარულ სასადილოში ვმუშაობ, რომ თვიდან თვემდე თავი გავიტანო. იქ მუშაობა თავისუფალი ატმოსფეროს გამო მომწონს. ახალგაზრდა გუნდია, ბევრი სხვადასხვა ეროვნების ხალხით და მეც სიამოვნებით მივდვივარ ხოლმე.

   პარადოქსულად, თვითონ სამსახური დიდი ვერაფერია: იქ მომუშავე ხალხი მაინტერესებს, მაგრამ არა ის, რასაც იქ ვაკეთებ. საქმეს მაინც სერიოზულად ვუდგები, მაგრამ მასში აზრს ვერ ვხედავ და ვერც გამოსადეგად ვგრძნობ თავს. ვერანაირ პოტენციალს ვერ ვახორციელებ, განმეორებითი და მოსაწყენი საქმის კეთება მიწევს. აზრს სხვაგან ვეძებ, ჩემს სამსახიობო საქმიანობაში, რომელიც სამსახურისა არ იყოს, მთლად გადასარევად არ მიდის. მოკლედ, გაურკვევლობაში ვარ, რაღაცის მოლოდინში, ვერაფერს ვქმნი ჩემს ცხოვრებაში და ეს ძალიან მაწუხებს… გულის სიღრმეში კი იმედგაცრუებულიც ვარ. ცხოვრება არ მაძლევს იმ ფერებსა და მისწრაფებებს, რომლებისკენაც გული მიმიწევს. თავს ფეთქებადად ვგრძნობ, ენერგიული და მიზანდასახული ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრება ერთფეროვანია.

   სალომეს პირველად ვხედავ და ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. ახალი თანამშრომელი... არც მეტი, არც ნაკლები. გონებაში განვსჯი კიდეც მის უჩვეულო გარეგნობას. ნელ-ნელა, წვრილმანებზე დაკვირვებით, მას ყურადღებას ვაქცევ. სამსახურის ფორმაში საცოდავად გამოვიყურებით, ჩვენი ჩაცმულობა ყავისფერი და სრულიად არაელეგანტურია. მაგრამ ვამჩნევ, რომ სამსახურის შემდეგ სალომე სულ ფერადად იცვამს და ბევრ აქსესუარს ატარებს, რაც მომწონს. ვფიქრობ, რომ მხიარული იერი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არანაირი ნაპერწკალი არაა ჩვენს შორის.

   ყველანი ერთ მაგიდასთან ვჭამთ ხოლმე, მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს. სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, ნელ-ნელა უკვე ვეჩვევი ქართულ ენას. ვიგებ, რომ ეს გოგო ქართველია, მხოლოდ 19 წლისაა და რამდენიმე თვეა, რაც აქ ცხოვრობს. იურიდიულზე სწავლობს ასასში, პარიზის განთქმულ უნივერსიტეტში და ყველა უქებს ფრანგულს. შორიდან საინტერესოდ მეჩვენება, მაგრამ ისევ არანაირი ნაპერწკალი. ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე ერთგვარი პარიზული ქედმაღლობა. არც ვცდილობ, რომ უფრო ახლოს გავიცნო.

   მერე კი რამდენიმე კვირა გადის, საუბარს ვიწყებთ და ერთ საღამოს სალომე თავისთან მეპატიჟება. ამ უეცარმა მოწვევამ ძალიან დამაინტერესა და მომეწონა კიდეც ეს სპონტანურობა, რადგან საფრანგეთში კოლეგებს ასე ადვილად არ ვპატიჟებთ ხოლმე სტუმრად, მით უმეტეს მათ, ვისაც კარგად არ ვიცნობთ. მოუთმენლად ველი ამ საღამოს, ცნობისმოყვარეობით მივდივარ და თან ერთი ბოთლი ღვინო მიმაქვს.

   მის 9 კვადრატულმეტრიან ბინაში ვართ. პაწაწინაა, მაგრამ მასავით მხიარული. ოთახი სამკაულებით აქვს მორთული და მას საკუთარ „სასახლედ“ მაცნობს. სალომეს მწარე იუმორი აქვს და ხმამაღლა იცინის თავის ხუმრობებზე. დიდი ხანია, ასე გულიანად არ მიცინია. დადებითი ენერგიით ვივსები. თავისუფლად ვსაუბრობთ, ბუნებრივად, თავის მოჩვენების გარეშე. ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს კულტურულ განსხვავებებზე და ერთმანეთს ყურადღებით ვუსმენთ. ღვინოს ვსვამთ. ბორჯომის ბოთლით ჭაჭა მოაქვს, ქართული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, და ჭიქას ერთ ყლუპში მაცლევინებს. თამაშში ვყვები. სასმელი ყელს მწვავს, მაგრამ მინდა პატივი ვცე და სახეზე არ ვიმჩნევ. ვერ იჯერებს. მეუბნება, რომ გიჟი ვარ და თვითონ ამას კოკა-კოლას გარეშე ვერ სვამს, ისეთი ძლიერია. აწი ჩემი რეპუტაცია გარანტირებულია და ჯიგარი“ ვხდები. ამ დღიდან ჭაჭას ყოველთვის ერთი გადაკვრით ვსვამ, წარბშეუხრელად. დროთა განმავლობაში კი სიამოვნების მიღებაც შევძელი.

   უკვე მთვრალები ვართ, გულღიაობის განწყობაზე. სალომე მიმხელს, რომ თან საქართველოს მიწა აქვს წამოღებული. ამ პაწაწინა ბინაში ვზივარ და ვფიქრობ „ჯანდაბა, ამ გოგომ წიგნის, ტანსაცმლის ან სუვენირის წამოღებას მიწის წამოღება არჩია...“ მოკლედ, გაოგნებული ვარ. გამუდმებით ვადარებ ჩემს კულტურას მისას. მე არასდროს მომივიდოდა თავში აზრად, სადმე საფრანგეთის მიწა წამეღო. მისი ეს ჟესტი გულს მიჩუყებს. ვერც ამიხსნია რატომ. მისი პატრიოტიზმი ღრმად მეხება. ეს გოგო მაოცებს, სულ სხვანაირია და მაინც მე მისი მესმის. მინდა მეტი გავიგო მის ქვეყანაზე, რომელიც ასეთი ადამიანების სამშობლოა.

   სალომე უხვად მიძღვნის კომპლიმენტებს. თავისთავად, მის სიტყვებში ოქროდ ვიქეცი, უნიკალური გავხდი. მეუბნება, რომ ძლიერი ვარ (ნეტავ, ადრე ეთქვათ ეს ჩემთვის!), რომ ლამაზ სადღეგრძელოებს ვამბობ, რომ ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობს. ტუალეტის კარს არ კეტავს, რომ საუბარი არ შეწყვიტოს, ჩემს თვალწინ მარტივად იცვლის ტანსაცმელს — ჩემს გვერდით ის მართლაც უკომპლექსო ჩანს.

   კარგი აღნაგობისაა, მრგვალი ფორმებით, ლამაზი მკერდით, ფენებად აჭრილი შავი თმითა და იდეალური წარბებით. სალომე ისე მოძრაობს, თითქოს ყველამ ადგილი უნდა დაუთმოს თავის გარშემო. ფიზიკური კონტაქტის არ ეშინია. თავისუფლად ეხება მათ, ვინც მოსწონს, ტაქტილურია. ჩვენი დუეტი კი საეჭვოდ გამოიყურება. მე თხელი ვარ, ნელა და ნაზად ვმოძრაობ, ჩემი ჟესტები ზუსტი და გაკონტროლებულია, ისე გადავაადგილდები, მუდამ ვცდილობ სხვების სივრცეს ვცე პატივი. ჩემს ფიზიკურ სამყაროში ყველას არ ვუშვებ.

  როცა ჩემს მეტისმეტ მგრძნობიარობას ვუზიარებ სალომეს, ამას ტოტემად აქცევს. „ფიონუკას“ მარქმევს, ქართულად მოფერებით. ნელ-ნელა მისრუტავს თავის სამყაროში და ეს სამყარო მომწონს, რომელიც უფრო და უფრო ცნობისმოყვარეს მხდის. ღმერთო, და მაინც სად ქმნიან ასეთ არსებებს?

  სალომეს მთელი არსება, მისი არსებობა, მისი ეგზოტიკური ქვეყანა, ყველა ჩემს რწმენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს… განსაკუთრებით ჩემს ნეგატიურ შეხედულებებს სილამაზეზე, ქალის სხეულზე, ქცევის წესებსა და მეგობრობაზეც კი. ის ყველაფერს ამსხვრევს, ანადგურებს ჩარჩოში მომაქცეველ ჩემს მენტალურ ბარიერებს. ბავშვობაში მაბრუნებს, თავისუფლებისა და შემოქმედებითობის სივრცეში. სუფთა ჰაერს მაწვდის, რომელსაც ვეწაფები და ფილტვებს ვივსებ. სალომე, რატომ არ გამოჩნდი უფრო ადრე?

  იმ საღამოდან მოყოლებული, რომლიდანაც ბარბაცით, მაგრამ სულიერად სავსე წამოვედი, ეს გოგო ჩემი ცხოვრების, ფიქრებისა და გეგმების განუყოფელი ნაწილი გახდება და მას იქ განსაკუთრებული, ცენტრალური ადგილი ეკავება. აი, ასე, ყველაფერი ერთ საღამოში მოხდა, უკვე მის გარეშე ვეღარ გავძლებ. იმ საღამოს „ჩემი გოგო“ ვიპოვე.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Scroll to Top