პირველი ვიზიტი საქართველოში


   
   2010 წლის ზაფხული. სალომე, რომელთანაც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც განუყრელად ვარ, უეცრად მთავაზობს, რომ თავის სამშობლოში გავყვე. უყოყმანოდ ვთანხმდები. საერთოდ არ ვემზადები: არანაირი ტურისტული გზამკვლევი, არც ონლაინ რამის მოძიება, არც წინასწარ რამის წაკითხვა. წარმოდგენაც არ მაქვს, სად დავდგამ ფეხს, სრულიად ბრმად მივდივარ. უბრალოდ, ბილეთს ერთი თვით ადრე ვყიდულობ და პასპორტს ვანახლებ. მოგზაურობისთვის არასდროს ვყოფილვარ ასეთი მოუმზადებელი. რაც იქნება, იქნება.

   სხვა არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ კიდევ ორი ფრანგი მოდის ჩვენთან ერთად: ნათია, ფრანგი-ქართველი მომღერალი, და ფაბიანი, ფრანგი მუსიკოსი. ერთადერთი სამზადისი სალომეთი შემოიფარგლება, რომელიც დიდი ინტერესით მაჩვენებს თავისი თითოეული მეგობრის ფოტოს და თითოეულ მათგანთან მეგობრობის შესახებ ისტორიებს მიყვება. რამდენიმე დღის შემდეგ, ხელახლა მეკითხება მათ სახელებს: „და ეს, ეს ვინ არის?“ ჯანდაბა, გამოკითხვისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად... ჩემს სახეზე ხვდება, რომ არ მახსოვს მისი სახელი. „გახსოვს, ამ გოგოს ნანა ჰქვია, ფიონუკა, ლურჯთვალება გოგო, რომ გიყვებოდი! და ეს? გახსოვს? ეს ლევანია, ამ გოგოზე შეყვარებული რომაა“. კარგი, კარგი, ეს ამბავი მახსენდება და ამჯერად პოეზიასავით ვიმახსოვრებ. არ მინდა საქართველოში წასვლამდე ზედიზედ ორჯერ ჩავიჭრა გამოცდაში და ჩემს სალომეს იმედი გავუცრუო.

   ბილეთის ყიდვისთანავე სალომე მიყვება, როგორ ემზადება მისი ოჯახი საქართველოში. „ფიონა, ჩემები სულ გაგიჟდნენ! დეიდაჩემი და ბიძაჩემი თავიანთ ბინას დაგვითმობენ მთელი ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში. თვითონ სხვაგან გადავლენ, მაგრამ სად? ყველა ძალიან აჟიტირებულია. უამრავი საჭმელი იყიდეს, ყველა ჩემი მეგობარი იქ იქნება, აეროპორტში 50 კაცი დაგვხვდება!“ არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ უკვე ვგიჟდები მათზე. ყველაფერი თეატრალიზებული და ათმაგი მასშტაბისაა. ყველაფერი გრძნობებსა და ხალხზე ტრიალებს. სხვა დანარჩენს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველი მოგზაურობას.  

   სალომე ჩემზე ორი კვირით ადრე ჩავიდა საქართველოში, რომ ოჯახით, ახლობლებითა და სამშობლოთი დამტკბარიყო. აეროპორტში რომ მარტო ჩავფრინდი, სალომე ისევ თბილისელი გოგო გამხდარიყო და თითქოს შეწუხდაო, რომ თავის სამყაროში, ჩვენი პარიზული შეხვედრის ადგილის გარეთ დამინახა, ფართო ღიმილით მეკითხება: „აქ რას აკეთებ?“. და მართლაც, აქ რას ვაკეთებ?

   მამამისი გავიცანი, მისი მანქანის უკანა სავარძელზე ვჯდები და ინსტინქტურად უსაფრთხოების ღვედს ვიკრავ. მამამისი ჩემკენ ბრუნდება და სერიოზული ხმით ქართულად რაღაცას ეუბნება სალომეს. სალომე ნაცნობ მსუბუქ კაბაში ბრწყინავს, რომელიც ერთად ვიყიდეთ პარიზში და რომელიც ძალიან მომწონს, და მითარგმნის: „მამაჩემს აინტერესებს, ხომ არ ნერვიულობ და ენდობი თუ არა. ვერ ხვდება, უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედი რატომ გაიკეთე!“. სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ამიტომ არც კი ვპასუხობ, მამამისთან დიპლომატიური ინციდენტის რისკზე არ მივდივარ და გაოგნებული ვიხსნი ღვედს. ეს გზა ჩემს გონებაში დარჩება ისეთად, თითქოს სიცოცხლე ატრაქციონების რისკის ქვეშ დავდე. მანქანის ყოველ გასწრებაზე, ვცდილობ არ შევხტე და მძღოლი არ გავანაწყენო. 


„კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოში, ფიონუკა!“

   ყველაფერი ახლად და განსხვავებულად მეჩვენება: ქუჩები, ენა, ხალხი, კლიმატიც კი... ქუჩებში საცხოვრებელ შენობებს ნომრები არ აქვთ, არც ქუჩის აბრებია ყველგან, ყველა აივანზე სარეცხი შრება, ზოგი უბანი კარგადაა კეთილმოწყობილი, ზოგი კი უჩვეულოდ ღარიბულია. კონტრასტების ქალაქი აღმოვაჩინე. ხალხი ხმამაღლა ლაპარაკობს. სახალისოა იმ ენის გაგება, რომელიც სამსახურში ასე ხშირად მესმოდა ხოლმე. ჩემთვის გავიფიქრე: ისინი აქ ყველგან არიან! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ვიცნობ მათ, ვისაც სინამდვილეში არ ვიცნობ. ხალხი დაბერებული და დაღლილი მეჩვენება, ძალიან სერიოზული სახეებით, მაგრამ ადვილად ვერ მომატყუებენ. ვგრძნობ, რომ ეს მხოლოდ ფასადია და გარეგნობას არ ვენდობი. ჰაერი მძიმეა, ძალიან ცხელა და მაღალი ტენიანობაა. 

   დეიდამისის ბინაში ჩემი ორი მომავალი თანამგზავრი გავიცანი: ნათია და ფაბიანი. ძალიან თბილი და ოჯახური გარემო იყო. ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით, მაგრამ მოგზაურობას ასეთი გავლენა აქვს ხოლმე ადამიანებზე: უფრო მარტივად ვახლოვდებით. უცხოს წინაშე კი შენი ეროვნების ნებისმიერ ადამიანთან ერთიანდები — ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, და მეგობრებივით იწყებთ ქცევას.

   საღამოს 5 საათისთვის უკვე ჩემი პირველი ჭაჭა დალეული მქონდა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ ოდნავ შევთვერი, მოვდუნდი. ვფიქრობ, რომ გარეთ აღარ გავალთ და აპერიტივის შემდეგ მგზავრობისგან დასვენებას შევძლებ. გონებაში უკვე პიჟამოების წვეულების რეჟიმში ვარ. ერთი საათის შემდეგ სალომე მეუბნება, რომ მისი ყველა მეგობარი რესტორანში გველოდება. მაგრამ განა ჭამა ახლახანს არ დავასრულეთ? სწრაფი დინება მიტაცებს, გადაწყვეტილების მიღებას ვერ ვასწრებ, დინებას მივყავარ. მოკლე კომბინეზონში გამოწყობილი მაღალი კლასის რესტორანში შევდივარ, სადაც ორი ადამიანისთვის განკუთვნილი მაგიდები არ არსებობს, ყველა მაგიდა უზარმაზარია და თეთრი სუფრითაა დაფარული. თავი მიღებაზე მგონია. ყველა ზედმიწევნითაა გამოპრანჭული. საბედნიეროდ, ჩემს ორ ფრანგს ვეჭიდები, ერთმანეთთან მზერას ვცვლით, რათა მათ ჩემი სრული დეზორიენტაციის შეგრძნება გავუზიარო. 

   ჩემი პარიზული გონებისთვის ეს სრული სიგიჟეა: მაგიდასთან ათი ადამიანი ვსხედვართ, ისევ ვჭამთ და ვსვამთ, მაგიდაზე ერთმანეთზე დაწყობილი თეფშებია. ყველგან საჭმელია. არც კი ვიცი, რამდენი ალკოჰოლის ბოთლი იხსნება ჩემს თვალწინ. აბა წავედით! სცენაზე მუსიკოსები ადიან და ყველა საცეკვაოდ დგება. 

   სალომეს უყვარს ჩემი გამოწვევა. ის იმპროვიზირებულ ქართულ ცეკვებში მითრევს! ჯერ კიდევ კომბინეზონში გამოწყობილი, საცეკვაო მოედანზე ვარ, სრულიად თავისუფალი... როდესაც სალომე ხედავს, რომ ვცეკვავ, სიცილი უტყდება. უცნაურია, მაგრამ მე ვამაყობ, თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ და უცნობებიც ტაშით მამხნევებენ. სალომე მეუბნება, რომ მეზობელ მაგიდასთან, რომელიც ჩვენი მაგიდასავით დიდი და გრძელია, სტუმრებს შორის ძალიან ცნობილი ქართველი მომღერალი ზის. უცებ ის სალომეს ეძახის და კოცნის. ვფიქრობ, ჯანდაბა, მთვრალი ვარ და ალბათ მეჩვენება, ასე არ შეიძლება მოხდეს... ცხოვრება, ხალხი — ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად მეჩვენება აქ. 

   საღამოს ბოლოს იმდენი საღი აზრი მაინც მრჩება, რომ ანგარიშის ჩუმად გადახდა ვცადო. ფაბიანს ვუმხელ. წინასწარ ვიცი, რომ სალომეს მეგობრების წინაშე გადახდას ვერ შევძლებ. პირველი ღამეა და მინდა მადლობა გადავუხადო და ჩემი მადლიერება გამოვხატო. მზად ვარ, ყველაფერი დავხარჯო, რაც მაქვს. ჩემს თავს ვეუბნები, რომ ასეთი სუფრა ალბათ თირკმლის ფასი დამიჯდება, მაგრამ მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში ორივე თირკმელი დავკარგო... მიმტანი ანგარიშს მაჩვენებს. ნამდვილად შემიძლია ჯერ კიდევ სწორად დათვლა? მეგონა, ერთი წელი ვალიდან ვერ ამოვიდოდი, ანგარიში კი 40 ევრომდეა... სერიოზულად, ოდესმე შევწყვეტ ჰალუცინაციებს? მიჩქმიტეთ! მინდა შევამოწმო, სიზმარში ხომ არ ვარ. ვიხდი, მაგრამ ჩემი ჟესტი მაშინვე ნაკლებად შთამბეჭდავი ხდება, ვიდრე ველოდი... არაუშავს, ჯერ კიდევ ვიტყვი ჩემს სათქმელს.

   მთელი ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, ერთი სიურპრიზიდან მეორეში, ერთი გაოცებიდან მეორეში გადავდიოდი, ყველა ამ ტალღაზე საოცარი მოქნილობით ვცურავდი. თავიდან ტალღები მითრევდნენ, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი მათ რიტმს, ენერგიას და ბოლოს, თითქმის სიცილით ველოდი მათ. დრო იყო, რომ ცხოვრებას შევერყიე და ჩემი ორიენტირები დაერღვია. დრო იყო, აღმომეჩინა, რომ მხოლოდ ერთი სამყარო კი არ არსებობს, არამედ — მრავალი და რომ ამ სამყაროებს შეუძლიათ შეხვედრა, ერთმანეთის შევსება და ერთმანეთის მიღებაც კი. დრო იყო, გამეგო, რომ შემეძლო ჩემი ცხოვრების კურსის შეცვლა. 

 
 პირველი დისტანცირება 

   აი, უკვე ოთხი დღეა, რაც აქ ვარ, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მისი ოჯახის ან მეგობრების გარემოცვაში, ორ სხვა ფრანგთან ერთად, რომლებიც ისევე განცვიფრებულები არიან, როგორც მე. ამ მოგზაურობიდან ყველანი ტრანსფორმირებულები დავბრუნდებით. ფაბიანიც ისეთივე გაოცებული და მოხიბლულია ამ ენერგიებით, როგორც მე, ნათია კი კიდევ უფრო ღრმა შინაგან გზას გადის, რადგან მისი წინაპრები ქართველები იყვნენ. სამი გამხდარი ფრანგი (სალომეს ბიძაშვილი ხუმრობით გვეკითხება, საფრანგეთში საკმარისი საჭმელი თუ გვაქვს), ჩემი მეგობარი, მისი ძმა და მისი ორი ბიძაშვილი ბათუმში ჩავდივართ. ბინა ვიქირავეთ, სადაც ორი ღამე დავრჩებით. 

   მატარებელში მომხდარი ათობით ამბის გახსენება შემიძლია. ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ ხელში (ფრანგები ამას არასდროს დაიჯერებენ!) უცნობი ბავშვი აღმომაჩნდა, ალბათ დაღლილი დედისგან. ბავშვი უკანა სავარძლიდან გადმოვიდა ჩვენთან, რამდენიმე წუთით გაჩერდა და შემდეგ სავარძლიდან სავარძელში გადადიოდა ისე, რომ არავის გაკვირვებია ეს ამბავი. ყველა ეფერებოდა პატარას და არავის გასჩენია თავში აზრად „კი მაგრამ სად არიან მისი მშობლები?“. ხელები, რომლებიც ბავშვს იღებდნენ, მშობლის პასუხისმგებლობის ბუნებრივ გაგრძელებად მეჩვენებოდა. ამ ეტაპზე უკვე საბოლოოდ შევეგუე განსხვავებულობას. ჩემს ინსტინქტს მივყვებოდი და, როგორც ჩანს, ჩემი ინსტინქტი აქაური წესების პატივისცემის კუთხით დიდად საქმეს არ აფუჭებდა. განცვიფრება ჩემს ჩვეულ მდგომარეობად იქცა, ამიტომ მის ხსენებას ალბათ აზრიც აღარ აქვს. 

   ჩვენ გამუდმებით ჯგუფში ვართ და აქამდე ეს მშვენივრად მაწყობდა. მაგრამ ამ საღამოს ცოტათი ენერგიის ნაკლებობას ვგრძნობ და მარტო ყოფნა მინდება. მთელი ეს აურზაური, რაც არ უნდა დადებითი იყოს, მაინც ძალისხმევას ითხოვს ჩემგან. ამას ზრდილობიანად ვუზიარებ ჩემს მეგობარს. ის მპასუხობს, რომ დღეს მისი ბიძაშვილის დაბადების დღეა და ამას ვერაფრით გამოვტოვებ. ამაოდ ვცდილობ ჩემი თხოვნის განმარტვას: რამდენიმე საათით მჭირდება მარტო ყოფნა, მეტი არა. მათ თავისუფლად შეუძლიათ რესტორანში ჩემ გარეშე წავიდნენ. ჩემს ახლობლებს უნდა მივწერო და მადლობელი ვიქნები, თუ ამისთვის სათანადო სივრცე მექნება. ასევე, ცოტა სიჩუმესაც ვეძებ. ამას პირდაპირ არ ვამბობ, მაგრამ მოკლედ, გთხოვთ, 5 წუთით მარტო დამტოვეთ- მეთქი. ამ ქვეყანაში ყველაფერი ისეთი მძაფრი და მნიშვნელოვანია, რომ ვხვდები, ჩემი ინდივიდუალური აჭიროებები დაჟინებით უნდა გამოვხატო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამისთვის სათანადო სივრცეს არ მომცემენ. 

   მისი რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ მოსულა. ასე არ იქცევიან. ჩემი ქცევა უჩვეულოა, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეს მისი ბიძაშვილის დაბადების დღეა! ასევე ვგრძნობ, რომ მისთვის შეიძლება რთული იყოს ამის სხვებისთვის ახსნა, რთული იყოს ისეთი მეგობრის ყოლა, რომელსაც ჯგუფიდან გამოყოფა სურს. 

   იმ სამყაროში, სადაც საზოგადოება ასეთი ძვირფასია, შესაძლებელია თუ არა პირადი მოთხოვნილებების პატივისცემა? ჩვენ კვლავ განვიხილავთ ამ საკითხს. გაუგებრობის ეს დასაწყისი ოდნავ მაღიზიანებს. ვგრძნობ, რომ თავი უნდა ვიმართლო იმ მოთხოვნილების გამო, რომელიც მე ასე ბუნებრივად მეჩვენება. საბოლოოდ, ბინაში მარტო მტოვებენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ, რომ სხვებს ვაინტრიგებ. ყველა მიდის. ჩემს ფიქრებს ვუბრუნდები, ეს მარტოობა მჭირდებოდა, ძალებით ვივსები, ჩემს გრძნობებს ვაფასებ. მარტოობის ეს წუთები უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, რადგან ისინი საშუალებას მაძლევენ მოგვიანებით ჯგუფს კიდევ უფრო გახსნილი გონებით დავუბრუნდე. ამ დროს მუსიკის მოსასმენად ვიყენებ (ფრანგული მუსიკის!), მეილების შესამოწმებლად, მშობლებისთვის ჩემს გამოცდილებაზე მისაწერად... 

   ალბათ, ყველაზე დიდი ერთი საათი თუ ვიქნებოდი ასე მარტო, რომ უცბად ვიღაცამ ზარი დარეკა. გულისცემით გავაღე კარი (ერთი სიტყვაც არ ვიცი ქართულად ან რუსულად!)... და ვხედავ მის ძმას, რომელიც ყვავილების თაიგულს მაწვდის. ენა ჩამივარდა, ვერ ვხვდები რა ხდება. რამდენიმე წამში მისი ბიძაშვილი შემოდის ჩემთვის მაკიაჟის გასაკეთებლად! ინგლისურად მიხსნის, თითქოს დეპრესიაში ვიყო, რომ მარტო არ უნდა დავრჩე, რომ მაკიაჟის საშუალებით ნამდვილ დივად გადამაქცევდა, ტონალურ კრემს წამისვამდა (რომელსაც მე არასდროს ვიყენებ) და რომ საცეკვაოდ წავიდოდით! 

   მივხვდი, რომ მათ ენერგიას მეორეჯერ ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი, რომ ჩემი აზრი კი გამოვხატე, მაგრამ ახლა თუ კიდევ დავიჟინებ, პათეტიკური და სასაცილო გამოჩნდება ეს ყველაფერი, რადგან ჩემი თხოვნა ზედმეტად ინდივიდუალისტურია. ისინი ისე ცდილობენ ჯგუფში ჩემს ჩართვას, რომ ჩემი აზრის გამეორებაც კი მეზარება. ჩემს გონებაში თავიდან ეს თხოვნა ძალიან მსუბუქი იყო, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ ზედმეტად ინდივიდუალისტი გავხდები, შეიძლება ეს ყველაფერი მალე დიდ დრამაში ადაიზარდოს. უფლებას აძლევ, თოჯინასავით მაკიაჟი გამიკეთონ, ყვავილებს ვიღებ და... ოდესაც ვცდილობ, გავიხსენო, შემდეგ რა მოხდა, არაფერი მახსენდება. ყველაფერი აორთქლდა. დღემდე. ჩემმა ტვინმა მთლიანად წაშალა ის საღამო ჩემი მეხსიერებიდან. აი, რა ხდება, როცა თავს ვაიძულებ ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა. ჩემს პატარა ტვინში ქაოსია. შავი ხვრელი. 

10 მოსაზრებები “Première visite en Géorgie”

    1. Bonjour Nicolas !
      Merci de ton enthousiasme ! D’autres articles arrivent bientôt. Il faut aussi savoir que ce sont des anecdotes que je sélectionne et non des suites logiques qui se rattachent les unes aux autres, pour l’instant.

  1. Merci beaucoup, Fionuka.
    Un grand plaisir te lire…pour moi la possibilité de découvrir deux cultures différentes.
    Je n‘arrêterai pas à te suivre…
    Jürgen

    1. C’est véridique ! Il y a plus de personnes à l’aéroport qui attendent les passagers que les passagers eux-mêmes ! Et en ce qui concerne les bébés, j’adore cette confiance que les parents accordent aux autres parents, aux autres adultes avec leurs enfants.
      Merci pour ton retour Veriko !

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Scroll to Top