პარიზში დაბრუნება  — შეჩერებული მომენტი

   2024 წლის მაისში 3 თვით პარიზში აღმოვჩნდი. 8 თვის ფეხმძიმე საფრანგეთში ჩემი მესამე შვილის გასაჩენად ჩავედი. ყველანი ჩვენი ოჯახის პატარა სასიხარულო სიურპრიზის შესახვედრად გავემგზავრეთ. ამის შემდეგ უკვე სრული შემადგენლობით დაკომპლექტებული ვიქნებოდით.

  ამჯერად წონაში უფრო მოვიმატე, ვიდრე პირველი ორი ორსულობისას. მუცელი საკმაოდ მრგვალი მაქვს, ზაფხულია, ძალიან ცხელა და ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ჯერ კიდევ ჩვეულებრივად გადავაადგილდები, მაგრამ რამდენიმე დღეში პრაქტიკულად საწოლს მიჯაჭვული ვიქნები, ყოველ დღე ტკივილები მექნება, უძილობა, ძლიერი დაღლილობა და საშინელი შიში იმისა, რომ სადმე საჯარო ადგილას გავიჭედები და მოძრაობას ვეღარ შევძლებ. ეს გარეთ ჩემი ერთ-ერთი ბოლო გასვლაა მიას დაბადებამდე.

  იმ დღეს ილ სენ-ლუის ეკლესიაში წავედით ქართული პოლიფონიური სიმღერების კონცერტზე დასასწრებად, რომლებსაც ფრანგულ-ქართული გუნდი „მარანი“ ასრულებდა. ჩემი მეუღლე და მისი ძმა რამდენიმე წელია ამ გუნდის წევრები არიან, ამიტომ სხვა წევრებს კარგად ვიცნობ და ძალიან მიხარია მათი ხელახლა ნახვა — საქართველოში ჩემი გამგზავრების შემდეგ არ მყავდნენ ნანახი. ამ მომღერლებთან ატმოსფერო ყოველთვის თავისუფალი და მეგობრულია.

   ეკლესიის სკამზე ვზივარ, ჩემი ორი ქალიშვილი ორივე მხარეს მყავს შემოსმული და ვტკბები სიჩუმის იმ მომენტით, რომელიც მხოლოდ საკულტო ადგილებს ახასიათებთ. რელიგიის არც ერთი ფორმა დიდად არ მიზიდავს, მაგრამ ამ ადგილების სიჩუმე ძალიან მიყვარს; მათგან ნამდვილი სიმშვიდის აურა მოდის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ამ დიდებულ გარემოში, ჩემს ქმართან, რომელიც მღერის და ჩემს ორ პრინცესასთან ერთად. მრავალხმიანი გუნდის ხმები ექოსავით ისმის, ვიტრაჟებიდან ისხლიტება და ქართული ხასიათის ძალას გვახსენებს.

   ჩემი ორი პატარა გოგონა, 5 და 3 წლის, ენერგიით სავსენი არიან და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ, ამიტომ კონცერტის ბოლომდე მათი ერთ ადგილას გაჩერება მარტივი არ არის. მათი გართობა მომიწევს, მაგრამ მშვიდად ვარ, მომენტით ვტკბები. უარეს შემთხვევაში, შეგვიძლია კონცერტის დასრულებამდე ცოტა ხნით გარეთ გავიპაროთ. 30 წუთის შემდეგ გოგოები მოუსვენრობას იწყებენ და უჭირთ ერთ ადგილზე გაჩერება. ერთ-ერთი მათგანი სიმღერასაც კი იწყებს. ეს სიმღერები იციან და ლილიც ბანს აძლევს...

   ამ დროს უკანა რიგიდან ვიღაცის შეძახილი ისმის:
„არა, ეს შეუძლებელია! ეკლესიაში ვართ! თქვენი გოგონები ხმაურს არ წყვეტენ! ცოტა დაამშვიდეთ!“
– მაშინვე მტკიცედ ვპასუხობ: „ბატონო, ისინი ბავშვები არიან!“

   როდესაც ჩემს მუცელში ჩვილია და ამ სცენის მომსწრე ბავშვებიც არიან, მისი ამოკიდებულებით გაოგნებული ვარ. დიახ, ჩემი პატარები ცოცხლები არიან და მე მათ მობილური ტელეფონის გარეშე ვზრდი (პატარა შეხსენება: დიახ, ბავშვები ეკრანების გარეშე, ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, ისინი მოძრაობენ!). როგორც ჩანს, ამ კაცსაც წარმოდგენა არ აქვს, რას განიცდის ორსული ქალი ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად. ამ ინტერაქციამ პირში მწარე გემო დამიტოვა. სამწუხაროდ, ის ერთადერთი არ იყო, ვინც ჩემი და ჩემი შვილების მდგომარეობის მიმართ სრული გულგრილობა გამოიჩინა.

    პრობლემა საფრანგეთში: ფრანგები! და ჩვენი პრობლემა აქ არა ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიურია.

   სუპერმარკეტების რიგში იქნებოდა, ლიფტში თუ ნებისმიერ ადგილას, სადაც კი შეიძლება შევხვედროდი ადამიანებს ორსულობის დროს, ყველაზე თანამგრძნობი და კეთილი ადამიანები, ვინც კი შემხვედრია, უცხოელები იყვნენ, თავსაბურავიანი ქალები, აფრიკელი ქალები, ჩრდილოეთ აფრიკელები ან ხანდაზმულები. სად გაქრა ჩვენი თანაგრძნობა მოწყვლადობის მიმართ? მახსოვს ერთი კაცის კაშკაშა სახე, რომელიც უეჭველად ანტილის კუნძულებიდან იქნებოდა და რომელმაც შორიდან შემნიშნა, თვალი არ მომაშორა და გვერდით ჩავლისას ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ბედნიერება მისურვა. ისეთი დადებითი ენერგია ჰქონდა, რომ მინდოდა, გავყოლოდი და ეს მონაკვეთი უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. მისი გამოსახულება დღემდე ნათლად მახსოვს.

   მშობიარობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, ჩემს სამ შვილთან ერთად RER მატარებელში (პარიზის რეგიონული მატარებლების ქსელი) ჩემს თავს გადამხდარი სცენაც სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა. სადგურში ჩემოდნებით დატვირთულები შევედით, ჩემი უმცროსი შვილი „კენგურუში“ მეჯდა, ორი უფროსი შვილი ჩემს გვერდით იყვნენ, ჩემი მეუღლე კი კიბეებზე დარბოდა ბარგის ასატანად თუ ჩამოსატანად და ოფლად იყო გაწურული. იქ, ვაგონში, ზედაც არავის შემოუხედავს. მე ერთ ქალს მივუახლოვდი, რომელმაც თავი არც კი ასწია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებიც მას მიუახლოვდნენ. ქალს ჩანთა ცარიელ სავარძელზე ედო და უბრალოდ ვთხოვე, ბავშვებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. მან ჩანთა ისე აიღო, თითქოს უადგილო რამ მეთხოვა, ან თითქოს მეათასე ადამიანი ვყოფილიყავი, რომელიც ფულს სთხოვდა. მივედი ჩემს მეუღლესთან და ყურში ჩავჩურჩულე: „ახლა ჩემს საკუთარ ქალაქში მაქვს კულტურული შოკი!“

   ძალიან მასევდიანებს იმის გააზრება, რომ ამ ხალხთან საერთო კულტურა მაქვს და რომ, როგორც ჩანს, ჩვენი აღზრდა არ გვასწავლის ბავშვების მიღებას და მათდამი კეთილგანწყობას (რაც, ღვთის გულისათვის, თანდაყოლილი უნდა იყოს!). გული მწყდება, რომ საკუთარ ქვეყანაში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემს გოგონებს შეუძლიათ უცნობების შეწუხება მხოლოდ იმიტომ, რომ კონცერტზე სიმღერას იწყებენ ან დაჯდომა სჭირდებათ, როცა მატარებლის ვაგონი სავსეა...

   საფრანგეთში ამ მოკლე დაბრუნებისას შოკი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ორსულობის დროს საქართველოში სრულიად საპირისპიროს განვიცდიდი. ერთხელ, როცა დიდი მუცლით ვსეირნობდი თბილისში, ხანში შესულმა ქალებმა გამაჩერეს, რომლებიც ქართულად და რუსულად ცდილობდნენ ჩემთვის ეთქვათ, როგორი ლამაზები იყვნენ ჩემი გოგოები, ბავშვის სქესი მკითხეს და წამოიძახეს: „სამი გოგო, რა შესანიშნავია!“ ჩემს მუცელზეც მივიღე კომპლიმენტები (ოდესმე გითქვამთ კომპლიმენტი ორსული ქალისთვის მის მუცელზე? გირჩევთ; ამით მას ნამდვილად გააბედნიერებთ). ქუჩაში გავლისას ხალხი ბავშვებს უღიმის ხოლმე, უცნობი ადამიანები სასურსათო მაღაზიაშიც კი შესულან, რომ პატარებისთვის სამი კანფეტი ეყიდათ — ადამიანები, რომლებიც ვერც ეკლესიაში მყოფი იმ კაცის ლამაზი სამოსის შეძენას და ვერც მატარებელში მყოფი იმ შეწუხებული ქალის კარგი განათლების მიღებას შეძლებდნენ. 

   ხშირად მეკითხებიან, რატომ ვარ აქ, საქართველოში, მაშინ, როცა ფრანგი ვარ. თუ მხოლოდ ერთი მიზეზი უნდა ავირჩიო, ეს იქნებოდა ის, რომ მინდა, ჩემი შვილები ცნობისმოყვარეები და ღია აზროვნების მქონეები იყვნენ და უფროსების სტუმართმოყვარეობა გამოსცადონ. მინდა, რომ ისინი პატარა ასაკიდანვე ორენოვანნი იყვნენ, რომ საქართველოშიც ისევე იგრძნონ თავი საკუთარ სახლში, როგორც საფრანგეთში. არჩევანის გაკეთება არ მოუწევთ. ეს ღირებულებები ჩემთვის უაღრესად ძვირფასია და მერე რა, თუ დროებით ერთგვარ პირად კომფორტზე უარის თქმა მომიწევს, ჩემი ფესვებისგან შორს ვიცხოვრებ, საფრანგეთში მიღებული ანაზღაურების ნახევარი მექნება და ქართულ ენაზე ოთხწელიწად-ნახევრის ასაკის ბავშვივით ვიბორძიკებ. ჩემი ემოციური კეთილდღეობა ჯერჯერობით მატერიალურ კომფორტზე მაღლა დგას...

   რაო, როდის ვბრუნდებით ისევ თბილისში?...

2 მოსაზრებები “Retour à Paris : un moment suspendu”

  1. Je suis très heureuse de savoir que vous avez eu une si belle expérience en Géorgie ❤️ Paris me semble pourtant être une ville de rêve, mais en vous lisant, je me dis qu’au fond, ce n’est qu’une ville comme une autre, non ?

    1. Non, Paris est magnétique. J’adore cette ville, parce que c’est mon chez moi. Je comprends que d’ici, on peut l’idéaliser, mais, comme partout, il y a du bon et du moins bon. Je parlais ici plutôt de l’attitude de certaines personnes, qui m’ont toujours un peu choqué à Paris, tout en étant moi-même née là-bas. Après, je vais continuer à écrire, c’est aussi une ville où j’ai fait des rencontres fabuleuses que je vais livrer ici bientôt, chère Vériko.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Scroll to Top